ქალებზე ამბობენ – გოგა ჩანადირი

ახალგაზრდობაშიც და ასაკშიც

თეთრი, ყვავილებიანი თავშალი სარკმელთან ახლოს დაკიდულ პატარა სარკესთან დიდხანს ისწორა. კაბის საყელო ჯერ გადმოკეცა, მერე გადაკეცა. ასე სჯობსო. სახე კიტრის ნაჭრით წრიული მოძრაობით გაიწმინდა და ღაწვისთავებზე ფერუმარილი მიიტყაპუნა, ტუჩები მიწიმოწია, გეგონება ტუჩსაცხი წაესვა, მაგრამ არ წაუსვამს და მომხედა:

– ახლა ლამაზად ვარ?

– ბებია, მაგის გარეშეც ლამაზი ხართ. – გავუღიმე მასპინძელს. მასპინძელი 100 წლის ზექიე კუპრაძე იყო, აჭარის სოფელ ერგედან. მას ჩემი პროექტის “ას წელს გადაცილებული ადამიანების” ფარგლებში ჩავაკითხე. ეს პირველი ხანდაზმული იყო, ვინც გადაღების წინ გაიპრანჭა.

– ვიცი, შვილო, სულ ლამაზი ვიყავი. – ჩემს რეპლიკას მოაყოლა ზექიე ბებიამ და ცოტაოდენი ეშმაკუნა თვალები ააპარპალა. დამაკვირდა, გულისყურით ვუსმენდი თუ არა და განაგძო: ახალგაზრდობაში ჩემზე ტაციაობა იყო. მთხოვნელი მთხოვნელზე მოდიოდა. მაშინდელი პეწი ახლაც არ დამიკარგავს. მაგრამ ახლა სხვა ასაკში ვარ და სხვანაირად ვარ ლამაზი.

– გეტყობათ, რომ სულ ლამაზი იყავით. – ვუთხარი და თვალები მეც ეშმაკურად ავაპარპალე – ბოლოს, ტაციაობაში ვის გაამარჯვებინეთ?

– ჩემმა ქმარმა გაიმარჯვაო, ვერ ვიტყვი. მაშინ აჭარაში წესი იყო, მშობლები გაგათხოვებდნენ. შეიძლება, საქმრო სულ არ მოგწონებოდა, მაგრამ წესს წინ რა დაუდგებოდა?

– ესე იგი, უსიყვარულოდ გათხოვდით ბებია?

– ეგრე გამოვიდა. მაგრამ მას ვუყვარდი. ხელის გულზე მატარებდა. ქალაქში რო ჩადიოდა, ფერუმარილს გამოაყოლებდა ხოლმე. ასე უყვარდა თქმა, ყველაზე ლამაზი ცოლი მყავს და სულ ფორმაში უნდა იყოსო.

– მართლა ჰყვარებიხართ ბებო.

– კი, შვილო. პატივსა მცემდა. მეც მალე შემიყვარდა. რომ იცოდე, ნამდვილი ქმარი ცოლზე გვიან უნდა იძინებდეს და ნამდვილი ცოლი ქმარზე ადრე იღვიძებდეს. – თქვა ასწელს გადაცილებულმა ბებიამ და თავშალი ხელებით მოისინჯა, აბა, ხომ არ ჩამომიცურდაო.

– რა საინტერესო რამე თქვით.

– ცხოვრებამ მასწავლა.

– ვხედავ, ქმარში გაგმართლებიათ.

– მართლა კარგი ქმარი მყავდა, ტანადი და ჯანიანი კაცი იყო. ზურგზე ხუთ ყუთ მანდარინს შემოიწყობდა ხოლმე. თამბაქოსაც სულ თვითონ უვლიდა. ხელის გულზე მატარა. ქალს, განა მეტი რა უნდა? – დედაშვილურად ამომხედა.

ზექიე ბებიას გავუღიმე და გადასაღებად ფოტოაპარატი მოვიმარჯვე. მანაც დაინახა თუ არა, რომ მზად ვიყავი, კვლავ სარკმელთან ახლოს დაკიდულ სარკეში ჩაიხედა, საყელო გადმოკეცა-გადაკეცა და თეთრ, ყვავილებიან თავშალზე ხელები კიდევ ერთხელ ჩამოისვა. მერე ტუჩები მიწიმოწია, თითქოს ტუჩსაცხი წაესვა, მაგრამ ახლოც არ მიუკარებია, თვალები პრანჭია გოგოსავით ააპარპალა და მითხრა:

– ლამაზად ვარ?

გამეღიმა: – კი, ლამაზად ხარ.

– ქალი სულ ლამაზი უნდა იყოს. ახალგაზრდობაშიც და ასაკშიც. ახლა კი გადავიღოთ.

გოგა ჩანადირი

სპეციალურად Feme-სთვის

გოგა ჩანადირი




გაზიარება:

კომენტარი

სექსი
სექსზე საუბრის დანიური მაგალითი – გამოდგება თუ არა საქართველოში?

ბავშვებს, როგორც წესი, საკმაოდ ადრეულ ასაკში უჩნდებათ კითხვა "როგორ გავჩნდი?".  მშობლები ხშირად ამჯობინებენ, ამ კითხვაზე მოგონილი, "ზღაპრული" პასუხები გასცენ და თავს...

Close