“ზესხო”-  ქართული წარმოების სვანური მარილი

სოციალური საწარმო „ერთად” 2012 წლიდან ახდენს სვანური მარილი „ზესხოს” წარმოებას, სადაც ამ ეტაპზე 3 შშმ პირია დასაქმებული. როგორ შეიქმნა და დაიწყო საწარმომ მარილის წარმოება, რა პერსპექტივები აქვს ბაზარზე ქართული წარმოების სვანურ მარილს და გეგმავს თუ არა კომპანია მარილის გარდა სხვა პროდუქციის წარმოებას?

ამ საკითხებზე  სოციალური საწარმო  „ერთად”-ის ხელმძღვანელი – გიორგი ალავიძე გვესაუბრება:

1. როგორ გაჩნდა იდეა?

ჩვენ 2012 წელს მოვიგეთ პროექტი, ევროპის ფონდის და სტრატეგიული კვლევების ცენტრის მიერ გამოცხადებულ სტუდენტურ კონკურსში. სტუდენტებმა სოციალური მეწარმეობის განვითარების მიზნით ერთ- ერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ითანამშრომლეს. ამ პროექტში გავიმარჯვეთ და ავიღეთ 15 000 ლარი. გარდა ამისა, ვისარგებლეთ მერიის დაბალპროცენტიანი კრედიტით, 10 000 ლარის ოდენობით. ანუ, ბიზნესი 25 000 ლარით დავიწყეთ. ამ თანხით შევიძინეთ საწარმოო საშუალებები, რითიც სვანური მარილი უნდა გვეწარმოებინა. ეს ძველი რეცეპტია სვანეთის მაღალმთიანი სოფელ „ზესხოდან”. მცხეთაში, ყოფილი რესტორანი „არაგვის” ფართი ვიქირავეთ. ეს არის მცირე საწარმო, რომელსაც შეუძლია აწარმოოს თვეში რამდენიმე ათასი ქილა, დაახლოებით 2 000-3 000 ქილა.

2. გზა იდეიდან startup-მდე

როცა გიჩნდება იდეა, უნდა დარწმუნდე, რომ ეს იდეა არის სრულყოფილი და თუ გჯერა ამ იდეის, ის აუცილებლად გახდება განხორციელებადი და წარმატებული. გზა იდეიდან სტარტაპამდე იყო ასეთი: სტუდენტების დახმარებით ჩავატარეთ კვლევა და ვნახეთ, რომ მაღალი ხარისხის პროდუქტი ამ ბაზარზე არ არსებობდა. სვანურ მარილს ვხვდებით ბაზარში, ბაზრობებზე, თუმცა, არაშეფუთული სახით. ასევე ამ ადგილებში მარილის ხარისხი არ აღმოჩნდა დამაკმაყოფილებელი. ნიშა თავისუფალი იყო და წარმოება დავიწყეთ. პირველი ჩვენი მიმართულება მომხმარებლის ნდობის მოპოვება იყო. ანუ ჩვენი მიზანი იყო ის, რომ გაგვეკეთებინა პროდუქტი, რომელიც იქნებოდა ხარისხიანი, დაცული იქნებოდა სვანური მარილის წარმოების ყველა სტანდარტი, იქნებოდა გემრიელი და უნიკალური ქართული, ტრადიციული გემოთი და ლამაზი შეფუთვით. რაც გამოარჩევდა მას სხვა მსგავსი პროდუქტისაგან.

3. ყველაზე ხშირად რა პრობლემებს აწყდებით მუშაობის პროცესში?

საერთოდ, ბიზნესის კანონია, რომ ერთი პროდუქტი ვერ აძლევს საწარმოს მდგრადობას. ამიტომ ვფიქრობთ ასორტიმენტი გავაფართოვოთ. იდეები შეტანილი გვაქვს სხვადასხვა ფონდში გრანტის მიღების იმედით. ასორტიმენტი გაფართოვდება ქართული სუფრის ინგრედიენტების მიმართულებით, ვცდილობთ, რომ ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია გავაკეთოთ. მაგრამ გაფართოვებას სჭირდება თანხები. „ზესხო“ ამ დრომდე მოგებაზე არ გასულა. საწარმო თავის თავს ინახავს. საერთოდ, სოციალური საწარმოს კრიტერიუმები იზომება იმით, რომ მას აქვს მისია. ანუ მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთა დასაქმება. ამ ეტაპზე ეს მისია შესრულებულია. თუმცა, იმისთვის რომ მოგებაზე გავიდეთ, რეინვესტირება განვახორციელოთ, ინვესტიციებია საჭირო.

5. რაში მდგომარეობს თქვენი უნიკალურობა?

რატომ უნდა აირჩიო „ზესხო“? – მე ასეთ ფორმულირებას გავაკეთებდი- იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე სუფთა და სწორად დამზადებული ქართული ნაწარმი. რომლითაც ნებისმიერი ტურისტის მოხიბვლას შევძლებთ. რადგან  ჩვენ, გარდა არაჩვეულებრივი ბუნებისა, ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა საკუთარი კუთხისთვის დამახასიათებელი ორიგინალური სამზარეულოს არსებობა. ამ მხრივ, სვანეთი ერთ-ერთი გამორჩეული კუთხეა და ჩვენ „ზესხოს“ წარმოებით ვაგრძელებთ საუკუნოვან ტრადიციას. ჩვენი სვანური მარილი, სვანეთში, ზესხოს სოფელში შემორჩენილი რეცეპტით მზადდება და ის უნდა იყოს: ნოტიო, თითქმის სველი; უნდა იგრძნობოდეს ახალდაფქული სუნელების სიმძაფრე; უნდა იყოს მუქი და არა ყვითელი; მზადდებოდეს „ხრეში“ მარილით; უნდა იყოს ჰერმეტულად დაცულ ქილაში მოთავსებული, რათა არ გამოშრეს და არ დაკარგოს არომატი.

აი, ამიტომ არის „ზესხო“ უნიკალური. და აქვე დავამატებდი იმას, რომ „ზესხო“ სოციალური საწარმოს პროდუქტია, სადაც 5 ადამიანია დასაქმებული და აქედან 3 შშმ პირია. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და ჩვენ, ადამიანებს, ნამდვილი, ქართული საქმის კეთებით შეგვიძლია ერთმანეთის დახმარება.

6. ზოგადად რა სახის მხარდაჭერა სჭირდება დამწყებ ბიზნესს, რა სახის მხარდაჭერას ისურვებდით როგორც დამწყები ბიზნესი?

ჩვენი მაგალითი რომ განვიხილოთ, ჩვენ გვჭირდება ინვესტიციების მოზიდვა, რაც საკმაოდ რთულია. მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ სოციალურ მეწარმეებს არ გვაქვს სოციალური სტატუსი. ამ ეტაპზე ნებისმიერ შპს-ს შეუძლია დაირქვას სოციალური საწარმო და მოითხოვოს გრანტი ან რამე ამდაგვარი დახმარება. ამიტომ, ამჟამად, პარლამენტში შეტანილია კანონპროექტი სოციალურ მეწარმეებთან დაკავშირებით. დაინტერესებულები ვართ, რომ ეს კანონი გავიდეს. ჩვენი ამჟამინდელი კანონმდებლობა გრანტის გაცემას შპს-ზე არ კრძალავს, თუმცა, 15 პროცენტით ბეგრავს. წარმოიდგინეთ, მე რომ 10 000 ლარი ავიღო, იმის 15 პროცენტი ბიუჯეტში უნდა გადავიხადო. ჩვენ ვითხოვთ, რომ მეწარმეს, რომელსაც აქვს სოციალური მეწარმის სტატუსი, არ ჰქონდეს დაბეგვრის ვალდებულება და საზოგადოების მხარდაჭერა ჰქონდეს. სხვა ტიპის შეღავათებზე ამ ეტაპზე საუბარი არ არის. შესაძლოა, მომავალში მოვითხოვოთ, რომ შშმ პირებს, რომლებსაც დავასაქმებთ, სახელმწიფომ მათი ხელფასის სუბსიდირება მოახდინოს. ეს აპრობირებული მეთოდია.

7. და ბოლოს, რა რჩევებს მისცემდით მომავალ მეწარმეებს?

მომავალ მეწარმეებს ვურჩევდი, რომ არ უღალატონ საკუთარ იდეას. გამოიკვლიონ აზრი მეგობრებში, ნაცნობებში, ჰკითხონ უცხო ადამიანებს. ხელი მოჰკიდონ ისეთ საქმეს, რომელიც უყვართ, რომელიც მათია და აუცილებლად გამოუვათ.
დაბრკოლებებს არ შეუშინდნენ, როცა საქმეს იწყებ, უამრავი რამ შეიძლება გამოჩნდეს რაც შეიძლება გათვალისწინებული არ გქონოდათ, მაგრამ გაუთვალისწინებელი შემთხვევების მინიმიზაციისთვის, ჩამოწერეთ წინასწარ თქვენი, პროდუქტის/იდეის დადებითი მხარეები, სუსტი მხარეები, შესაძლებლობები და არ შეჩერდეთ! წარმატებას გისურვებთ!

გიორგი ალავიძე

„ზესხოს“ ხელმძღვანელი




გაზიარება:

კომენტარი

შეუძლია იოგას გაგვხადოს უკეთესი ადამიანი?!
შეუძლია იოგას გაგვხადოს უკეთესი ადამიანი?!

მხოლოდ ვარჯიშები და ფიზკულტურა არაა. ეს არის სხეულის, სულის და გონების ჰარმონიის მიღწევის საშუალება. ადამიანს ეხმარება მიაღწიოს უფრო მაღალ ფსიქოფიზიკურ...

Close